* * *
- ბრალდებულო, ადექი
!
დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა.
- ბრალდებულო, თქვენი ვინაობა ?
- ძალიან კარგად იცით ვინ ვარ.
- დაასახელეთ თქვენი ვინაობა !
- ადამიანი.
- ბოლოს და ბოლოს, ბრალდებულო, დაასახელებთ თუ არა თქვენს
ვინაობას ?
- ერისთავი ერეკლე ვარ.
- მამის სახელი ?
- ნიკოლოზი.
- ასაკი ?
- 23 წლის.
- პროფესია ?
- უსაქმური ვარ, ბატონო მოსამართლე (იღიმის).
მოსამართლემ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
* * *
დაკითხვა #1
- თქვენი ვინაობა ?
- დათუნა მდივანი.
- რა ურთიერთობა გაქვთ ბრალდებულთან ?
- ძმაა ჩემი.
- უკაცრავად ?
- ბავშვობიდან ვმეგობრობთ.
- თუ შეიძლება, მოუყევით სასამართლოს რა მოხდა იმ დღეს.
- ბატონო პროკურორო, იმ დღეს ბევრი დავლიეთ და კარგად
არც კი მახსოვს რა მოხდა.
- ბატონო დავით, თუ შეიძლება მოგვიყევით რა მოხდა იმ
დღეს.
- რაკი ასე გსურთ. 13 იანვარს ერეკლეს დაბადების დღე
იყო. ბიჭებს უნდა დაგველია ბიძაჩემთან, რესტორანში.
ახალი წლის დღეებში სულ გატენილია დიმიტრის რესტორანი და ძლივს გვიშოვა თავისუფალი
მაგიდა. ჩვენები მოვიდნენ და სმა დავიწყეთ. ჩვენს გვერდით მაგიდასთან გოგოები ისხდნენ,
კოქტეილს წრუპავდნენ და ვიღაცას ელოდებოდნენ. ერეს ვეღარ ვცნობდი იმ წუთიდან, რაც რესტორანში
შემოვედით და მეზობელ მაგიდასთან მჯდომი ერთ-ერთი გოგონა დაინახა, იისფერკაბიანი. თვალს
არ აშორებდა. მალე გოგოებს ბიჭებიც შეუერთდნენ. ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ. ჩვენ ვსვამდით.
ერისთავი კი იისფერკაბიანს თვალს არ აშორებდა. მალე ბიჭები გავიდნენ. ერეკლეს არც ისე
აკლია სითამამე, მაგრამ სასმელმა მაინც თავისი ქნა და მეზობელ მაგიდასთან მივიდა. რაღაცას
ელაპარაკებოდა იმ გოგოს, ალბათ სთხოვა მასთან ერთად ეცეკვა. ბოლოს დაითანხა იისფერკაბიანი
და საცეკვაოდ გაჰყვა.
- ბატონო, დავით განაგრძეთ.
- მერე ის ბიჭები დაბრუნდნენ. თან ვიღაც მაღალი ბიჭი
მოიყვანეს. რაღაცას ეკითხებოდნენ მაგიდასთან დარჩენილებს. მაღალმა ჯერ ჩვენი მაგიდისკენ
გამოიხედა, შემდეგ დარბაზში
თვალებით მოძებნა იისფერკაბიანი და ერეკლე...
- შემდეგ რა მოხდა ?
- მერე რაც მოხდა თქვენც კარგად იცით, ბატონო პროკურორო.
* * *
დაკითხვა #2
- თქვენი ვინაობა ?
- ტატა იაშვილი.
- რა ურთიერთობა გაქვთ დაზარალებულთან ?
- მეგობარია ჩემი.
- მოუყევით სასამართლოს რა მოხდა 13 იანვარს ?
- მე და ჩემი მეგობრები მაგიდასთან ვიჯექით. ბიჭებს
ველოდებოდით. მალე ისინიც მოვიდნენ. ვლაპარაკობდით, ძველ ამბებს ვიხსენებდით, ვიცინოდით.
მერე ბიჭები მოსაწევად გავიდნენ. ვიღაც მოგვიახლოვდა და ჩემს მეგობარს შესთავაზა ვიცეკვოთო.
ისიც დასთანხმდა. მაშინვე ვიცანი, ის ბიჭი იყო, მეზობელი მაგიდიდან, რესტორანში შემოსვლისთანავე
თვალს რომ არ აშორებდა ნიტას. მალე ბიჭებიც დაბრუნდნენ და თან ჩვენი დიდი ხნის მეგობარი,
გამყრელიძე მოიყვანეს. ერთად ვსწავლობდით. მეთერთმეტე კლასში ვიყავით, მამამისი ელჩის
თანამდებობაზე რომ დანიშნეს და ოჯახთან ერთად ამერიკაში საცხოვრებლად მოუწია წასვლა.
მას შემდეგ არ გვენახა ერთმანეთი. ჩვენებს რესტორანში უნახავთ და მაგიდასთან დაუპატიჟებიათ. ბიჭებმა
ნიტა მოიკითხეს. ბიჭმა მეზობელი მაგიდიდან
საცეკვაოდ დაპატიჟა მეთქი. გამყრელიძემ ჯერ იმ მაგიდისკენ გაიხედა, მერე დარბაზში
თვალით ნიტა მოძებნა და უცებ სახე შეეცვალა.
- რამ გამოიწვია დაზარალებულის გუნების შეცვლა ?
- არ ვიცი, ბატონო პროკურორო.
- რა ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულს იმ გოგონასთან,
ნიტასთან ?
- მერვე კლასში ვიყავით ნიტა რომ ჩვენთან გადმოვიდა.
პირველი დღიდანვე დაიმსახურა არამარტო თანაკლასელი, არამედ თანასკოლელი ბიჭების ყურადღებაც.
გამყრელიძე კარგი ბიჭი იყო, იყო რა არის და ნიტამაც შეამჩნია ეს. იმის მერე ერთად იყვნენ.
მერე ნიკუშა ამერიკაში წავიდა...
- მას შემდეგ არ უნხავთ ერთმანეთი დაზარალებულსა და
ნიტას ?
- დიახ, როგორ არა, ნიტა ამერიკაში სწავლობდა და როგორც
მითხრა რამოდენიმეჯერ შეხვდა ნიკუშას.
No comments:
Post a Comment