დღიური

პირველი თებერვალი.
მთელი ღამე თოვდა. დილით ტრენინგს უნდა დავსწრებოდი - „კონფლიქტი, ოკუპაცია და ადამიანის უფლებები“. მახსოვს რამდენიმე დღის წინ მეილზე მომივიდა შეტყობინება - „გილოცავთ, თქვენ შეგარჩიეს ამა და ამ პროექტის მონაწილედ“-ო, მოკლედ როგორც წერენ ხოლმე „იღბლიანებს“- მათ ვინც მონაწილეებად აარჩიეს. გამიხარდა, რომ მეც ამ „იღბლიანებს“ შორის ვიყავი. შეტყობინებას მიბმული ქონდა პროექტის პროგრამაც. თვალი გადავავლე და დამაინტერესდა. თუმცა ამ დაინტერესების მიუხედავად ძალიან მეზარებოდა შაბათ დილას ადრე გაღვიძება, ამას კიდევ თან დაერთო ცუდი ამინდი,თოვლი, თან წინა დღით სათვალე გავტეხე (მე სათვალის გარეშე, ეს იგივეა რაც თევზი წყლის გარეშე- ალბათ   მიხვდით, რასაც ვგულისხმობ) და მოკლედ, რომ ვთქვა გადავწყვიტე - არ დავსწრებოდი ტრენინგს. მადლობა ჩემს „დარტყმულ“ მეგობარს, რომ დილის 9-ის ნახევარზე გავახსენდი, სკოლაში მაგვიანდება და არა არ დამიწეროს მასწავლებელმაო. ვეღარ მოვახერხე დაძინება. ვიფიქრე მთელი დღე რა უნდა ვაკეთო სახლში მარტომ მეთქი და ავდექი, მოვემზადე, ჩანთაში ერთი ბლოკნოტი და კალმისტარი ჩავიგდე და ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსისკენ გავემართე.
თავიდან ისეთი სიტუაცია იყო, როგორც ყველა პროექტის პირველ დღეს -ბავშვები ერთმანეთს არ ვიცნობდით, არავინ ხმას არ იღებდა და ვინატრე ნეტავ ახლა აქ არ ვიყო მეთქი. ეს ფიქრი არ მქონდა დამთავრებული და აუდიტორიაში შემოვიდა თამუნა - ადამიანი, რომელსაც ვიცნობდი. და მეც ამოვიღე ხმა. ნელ-ნელა ბავშვებმა და პროექტის ავტორებმა  ერთმანეთის გაცნობაც დავიწყეთ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ტრენერებმა ხმის ამოღებისთანავე მოახდინეს ჩემზე შთაბეჭდილება და მე მივხვდი, რომ მომავალი ოთხი დღის განმავლობაში ბევრ რამეს ვისწავლიდი მათგან.
მერე ტრენინგიც დაწყო. კონფლიქტის ანალიზსა და მოლაპარაკებების ხელოვნებას ეხებოდა. მეგონა უინტერესო იქნებოდა და მთქნარებას დავიწყებდი, მაგრამ სულაც არა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დეა ჯიქიას ასეთი საინტერესო ლექციისთვის, რომელიც ისე მონდომებით ცდილობდა ჩვენთვის მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება გაეზიარებინა ამ საკითხთან დაკავშირებით და განემარტა ჩვენთვის უცხო ტერმინოლოგია, რომ ადამიანი, რომელსაც სულაც არ აინტერესებს ეს საკითხი, დეა იმ ადამიანსაც კი დააინტერესებდა. ტრენერი დაფაზე რაღაცებს წერდა, მე ვერაფერს ვერ ვარჩევდი უსათვალოდ, მაგრამ მაინც თავს ვუქნევდი - ყველაფერს ვხედავ და ყველაფერი მესმის მეთქი.
ცოტა არ იყოს გადავიღალეთ. ჩვენ ტრენერს არც ეს გამორჩენია და საინტერესო სიმულაციური თამაშიც შემოგვთავაზა, რომელიც დაგვეხმარა პროექტის მონაწილეებს უფრო კარგად გაგვეცნო ერთმანეთი.
პროექტის პირველი დღე ასე „მაღალ ნოტაზე“ დავასრულეთ. ტრენერებს ჩვენი „რა მოგვეწონა“, „რა არ მოგვეწონა“, „რას შევცვლიდით“ ბარათები დავუტოვეთ და აუდიტორია დავტოვეთ. (როგორც ჩანს გოგოებს ყურადღებთ წაუკითხავთ ჩვენი ბარათები, ამას მოწმობს დეას პოსტიც „თქვენი დაინტერესებული სახეები იყო სწორედ, ბავშვებო, ასე რომ მიჩქარებდა საუბრის ტემპს, ვცდილობდი რა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოწოდება მომესწრო თქვენთვის. (მიღებულ შენიშვნაზე თავის გამართლება)“). გზაში ყველა იმას ვნატრობდით, ნეტავ ხვალინდელი დღეც მალე გათენდესო.
დიდი მადლობა დეას და თქვენ - ბავშვებო ასეთი კარგი დღისთვის. ეს მართლა დაუვიწყარი პირველი თებერვალი იყო.



P.S. სულ გადამავიწყდა. მადლობა ჩემს „გადარეულ“ მეგობარს ის, რომ არა თქვენ ვერ გაგიცნობდით და არც ამდენი მეცოდინებოდა კონფლიქტებზე და მოლაპარაკებებზე.




ორი თებერვალი.
სახლში ემოციებით სავსე დავბრუნდი. მოუთმენლად ველოდი როდის გათენდებოდა მეორე დღე, რომ ისევ წავსულიყავი უნივერსიტეტში და „შემესრუტა“ ახალი ინფორმაცია. თუმცა მალე ისევ დავდექი არჩევანის წინაშე: მეგობარმა შემატყობინა - ხვალ „სასტავი“ კოჯორში ავდივართ და ხომ წამოხვალო. აი მაშინ კი ვინატრე, ნეტავ ორი ვიყო მეთქი. რას ვიზამდი, მეგობარს უარს ვერ ვეტყოდი, თან ძალიან მინდოდა ტრენინგზე წასვლაც. ვიფიქრე  კოჯორში ასვლას სხვა დროსაც მოვასწრებ მეთქი და გადავწყვიტე  მეგობარი მომეტყუებინა. ვუთხარი, რომ ძალიან მინდა წამოსვლა, მაგრამ გავცივდი და სიცხე მაქვს, ვკვდები მეთქი. პრობლემა მოგვარდა და მეც დავმშვიდდი - ისევ დავესწრებოდი ტრენინგს.
გათენდა. ისევ თოვდა. დედამ კარგად ჩამფუთნა - არ გამიცივდეს ჩემი პატარა გოგოო- და ისე გამომიშვა სახლიდან. ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი - კაპიშონი მქონდა წამოფარებული, კაშნე მთელ სახეს მიფარავდა და მხოლოდ თვალები მიჩანდა - ამას მას შემდეგ მივხვდი, რაც ქუჩაში ერთი ყმაწვილი დაჟინებით მაკვირდებოდა, ხანგრძლივი ძებნის შემდეგ როგორც იქნა იპოვა ჩემი თვალები და სიცილით ჩამიარა გვერდით. რას იკრიჭება მეთქი, გავიფიქრე და მაღაზიის ვიტრინაში ჩავიხედე. მივხვდი რატომაც იცინოდა.
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ავტობუსიც მოვიდა და როგორც იქნა მივედი დანიშნულების ადგილამდე. შესრულდა 11 საათიც. ბავშვები არსად ჩანდნენ. მოვიწყინე, მაგრამ გულის სიღრმეში მიხაროდა - თუ ბავშვები არ მოვიდოდნენ ტრენინგიც არ ჩატარდებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მე კოჯორში მივდიოდი.
რამდენიმე წუთში აუდიტორია გაივსო. დაიწყო ტრენინგიც თემატიკით „რა არის
ოკუპაცია ?“. 1921 წლის ოკუპაცია, წითელი არმიის შემოჭრა და გასაბჭოება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი - დამეთანხმებით ძალიან საინტერესო და ამავდროულად ყველასთვის მძიმე საკითხებია, მაგრამ ჩვენი ტრენერი, მარიამი ყველანაირად ცდილობდა მსუბუქად მოეწოდებინა ის ინფორმაცია და ფაქტები, რაც აუცილებელია იცოდეს ყველა ქართველმა. თეორიული კურსის გავლის შემდეგ მარიამმა შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო სიმულაციური თამაში, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა თეორია პრაქტიკაში გამოგვეყენებინა. არასდროს დამავიწყდება როგორ დავსხედით მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, როგორ იბრძოდა ჩემი გუნდი აფხაზი თანამემამულეებისათვის დახმარება  გაეწია და როგორ მოითხოვდა მეორე მხარე მედიატორის ჩარევას მოლაპარაკებებში - ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. მოლაპარაკებებისთვის განკუთვნილ დროს გადავაჭარბეთ, მაგრამ მაინც ვერაფერზე შევთანხმდით. სამწუხაროა, რადგან რეალური მოლაპარაკებების დროსაც ხდება ასე რის შედეგადაც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობა ზარალდება. მართალია ეს მხოლოდ თამაში იყო და მეტი არაფერი, მაგრამ მე მაინც განვიცადე, რომ ვერაფრით შევძელი დავხმარებოდი აფხაზ ხალხს.
ენერჯაიზერის და გართობის დროც დადგა. თამაშ თამაშით ძალიან ბევრი და საინტერესო რამ შევიტყვე პროექტის მონაწილეებზე (მაგ. შეკითხვაზე სახლი რომ იწვოდეს პირველს რას გადაარჩენდიო სანდრომ ასეთი პასუხი გამცა - საწოლს. უცებ წარმოვიდგინე ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამორბის სანდრო და მოათრევს საწოლს. თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. მე კონტაქტური ლინზები გამომაქვს  , ერთს ფლეისთეიშენი, ზოგიერთები ჩვენზე ჰუმანურები აღმოჩნდნენ და დები,ძმები და სხვა ოჯახის წევრები გამოიყვანეს), კარგად გავერთეთ და სემინარის მეორე დღეც დასრულდა. ასე ხალისიანად დავტოვეთ აუდიტორია.
მოუთმენლად ველი 8 თებერვალს, რომ ისევ „შევისრუტო“ ახალი ინფორმაცია და რამდენიმე საათი გავატარო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც ერთი ინტერესი მაკავშირებს.



P.S. სახლისაკენ მიმავალს ის მეგობარი შემხვდა, რომ მოვატყუე სიცხე მაქვს და ვკვდები მეთქი. გავწითლდი, საერთოდ ვერ ვიტან ტყუილს, მაგრამ როცა საჭიროა, მაშინ... მოკლედ ვთვლი, რომ ამ ტყუილის თქმა შეიძლებოდა, რომ არ მეთქვა ამდენ საინტერესო ადამიანს უფრო ახლოს ხომ ვერ გავიცნობდი.                                                      

No comments:

Post a Comment