შენ რისი/ვისი გეშინია ?

სიმართლე გითხრათ, ფობიებით სულაც არ ვიყავი დაინტერესებული. უბრალოდ ვიცოდი სულ რამოდენიმე ფობიის სახელი და ის, რომ ფობია - ეს არის რაღაცის ან ვიღაცის მიმართ შიში. ჩემი ინტერესი ამ საკითხის მიმართ გამოიწვია ერთმა ფრიად „საინტერესო“ ჭორმა. მეზობელი მყავს, რომელმაც უკვე დიდი ხანია 30 წელს გადააბიჯა, მაგრამ დედამისი მაინც „ჩემო პატარა ბიჭო“-ს ეძახის. მზია დეიდა სულ იმას უჩიჩინებს თავის „პატარა ბიჭს“ - ცოლი მოიყვანე, შვილიშვილები მინდაო, - მაგრამ არ უნდა ამ კაცს ცოლის მოყვანა და მოკალით. ერთ დღესაც მზიამ გადაწყვიტა თავისი „პატარა ბიჭი“ ექიმთან წაეყვანა, გამოფობია სჭირსო. მეზობლებში სწრაფად გავრცელდა ეს ჭორი და ჩემს ყურამდეც მოაღწია. დავინტერესდი, ნეტავ ეს რაღას ნიშნავს მეთქი და გადავწყვიტე უფრო მეტი გამეგო ფობიებზე.
    მაშ ასე, მეგობრებო, შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ იმის შესახებ თუ რა არის ფობია, გაგაცნობთ უცნაურ და იშვიათ ფობიებს, მოგიყვებით იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა ფობიები აწუხებთ ან აწუხებდათ და ბოლოს შემოგთავაზებთ რამოდენიმე რჩევას როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.
     მეცნიერები განმარტავენ, რომ ფობია - შიშის აკვიატებული განცდაა, რომელიც წარმოიშობა გარკვეულ (ფობიურ) ვითარებაში და რომელსაც თან ახლავს ვეგეტატიური (ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის, სასუნთქი და სხვა შინაგანი ორგანოების მოქმედებას) დისფუნქცია: აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, სისხლის წნევის მომატება, კიდურებში კანკალი, თავბრუდახვევა და ა.შ.
    ფობია შეიძლება იყოს იმდენი, რამდენი ადამიანი, საგანი და მოვლენაცაა ამ ქვეყნად. ამერიკელი მეცნიერების მიერ შედგენილი სამეცნიერო ტერმინოლოგიის ლექსიკონში აღწერილია 400 სახის ფობია,მათი რაოდენობა კი ცივილიზაციის ახალი მიღწევების გაჩენასთან ერთად იზრდება. სტატისტიკის თანახმად,დედამიწის ყოველი მერვე მკვიდრი ერთი ან რამდენიმე სახის ფობიით არის შეპყრობილი.
    ფობია სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: 1. უბრალო ფობიები, როდესაც ადამიანს ეშინია გარკვეული ობიექტის ან რაიმე საგნის; 2.  ე.წ. ლოკომოტორული ფობიები, ანუ ფობიები სიტუაციის მიმართ და 3. სოციალური ფობია ანუ მოქმედების ფობია- საჯაროდ რაიმეს კეთების შიში. არსებობს ისეთი შიშებიც, როგორებიცაა:  მწერების (ენტომოფობია), კატების(ელუროფობია) , სკოლის შიში (სქოლიოფობია) და სხვა.
    გარდა ზემოთთქმულისა არსებობს ქალური, მამაკაცური და ბავშვური ფობიები. მამაკაცურ ფობიებში მოიაზრება: გამოფობია - ქორწინების შიში, პენტერაფობია - სიდედრის შიში. ქალურ ფობიებად შეიძლება მოვიაზროთ: მარტოდ დარჩენის, თაგვების, ვირთხების შიში. ბავშვებს კი ეშინიათ: სიბნელის, დასჯის და სხვა.

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული შიშების თორმეტეული ასე გამოიყურება :
1. აკროფობია - სიმაღლის შიში;
2. კლაუსტროფობია - შეზღუდული სივრცის შიში;
3. ნიკტოფობია - სიბნელის შიში;
4. აეროფობია - თვითმფრინავით ფრენის შიში;
5. არახნოფობია - ობობების შიში;
6. ოფიდოფობია - გველების შიში ;
7. ბაცილოფობია - პათოგენური მიკროორგანიზმების შიში;
8. გემატოფობია - სისხლის დანახვის შიში;
9. ოდონტოფობია - სტომატოლოგიური მკურნალობის შიში;
10. აუტოფობია - მარტო დარჩენის შიში;
11. აკვაფობია - წყლის შიში;
12. ფობოფობია - საკუთარი შიშების შიში.

    ფობიებს შორის პირველობას არავის უთმობს აგორაფობია. მას ახასიათებს საჯარო ადგილების, ქუჩის, ტრანსპორტის შიში. ამ ფობიით შეპყრობილ ადამიანებს უჭირთ თანმხლები პირის გარეშე ქუჩაში გასვლა, ეშინიათ, რომ რაღაც დაემართებათ და ვერავინ ვერ უშველით. ამის გამო მათი სოციალური ცხოვრება კარგავს აზრს, ისინი იტანჯებიან დეპრესიისგან.
    აგორაფობიის თავისებური სენით იყო შეპყრობილი რუსეთის მეფე პეტრე პირველი, ამიტომაც მისი სიმაღლის მიუხედავად მეფის ყველა რეზიდენცია დაბალჭერიანი იყო და პატარა ოთახებად იყოფოდა. ჰოლანდიაში ყოფნის დროს კი მეფეს კარადაში ეძინა.
   ცნობილია, რომ აგორაფობია მსახიობ კიმ ბეისინჯერსაც სჭირს. ის ცდილობს საკუთარი შიშების კონტროლირებას, მაგრამ ზოგჯერ მაინც გაუმართლებელ პანიკაში ვარდება. მაგალითად, ამ შიშების გამო, თეთრ სახლში გამართული მიღების დროს მას დიდი ნებისყოფა დასჭირდა, რომ მსვლელობის განმავლობაში სახეზე როგორმე შეენარჩუნებინა ღიმილის მაგვარი გამომეტყველება.
    იცით რატომ მართავს ასე იშვიათად ადრიანო ჩელენტანო სამშობლოს გარეთ კონცერტებს? იმიტომ, რომ იგი აერფობიითა შეპყრობილი და თვითმფრინავით უკანასკნელად 1987 წელს იმგზავრა.
    ალბათ ვერ წარმოიდგენდით, რომ ამერიკის პირველ პრეზიდენტს, ისეთ მამაცსა და კარგ გენერალს, როგორიც ჯორჯ ვაშინგტონია, ეშინოდა ცოცხლად დამარხვისა (ტაფოფობია). სიკვდილის პირას მყოფმა ჯორჯ ვაშინგტონმა დაიბარა და პირობაც ჩამოართვა გარშემომყოფთ, რომ როდესაც გარდაიცვლებოდა მისი ცხედარი ორი დღის განმავლობაში გარეთ დაეტოვებინათ, ბოლომდე დარწმუნებულიყვნენ მის გარდაცვალებაში და მერე დაეკრძალათ სათანადოდ.
  
    დამეთანხმებით, ზოგიერთი ფობია შეიძლება სასაცილოდაც არ გვეყოს. აი მაგალითად ნივრის შიში (ალლიუმფობია),  არაქისიის კარაქის ხახაზე მიკვრის შიში (არაქიბუტიფობია), საჭმლის მომზადების შიში (მაგეიროფობია) და ა.შ. ჩვენთვის შეიძლება სასაცილოა, მაგრამ არამგონია ამ ფობიით შეპყრობილებიც ასე ფიქრობდნენ.

უცნაური და ღიმილის მომგვრელი ფობიების ათეული :
1. ურანოფობია - ცის შიში;
2. პართენოფობია - შიში ახალგაზრდა ქალბატონებისა და გოგონების მიმართ;
3. ალიუმფობია - ნივრის შიში ;
4. ჩეტოფობია - თმების შიში ;
5. კლინოფობიასაწოლში დაწოლის შიში;
6. აპოტემნოფობია - იმ ადამიანთა შიში, რომელთაც ამპუტირებული აქვთ სხეულის რომელიმე ნაწილი.
7.აულოფობიაფლეიტის შიში;
8.გენიოფობია - ნიკაპის შიში;
9.დალიოფობიაგრძელი სიტყვების შიში;
10.პანოფობიაყველაფრის შიში.

    და ბოლოს ფობიის დაძლევა შესაძლებელია. დასაწყისში საჭიროა: დავადგინოთ რომელმა შიშმა დაიბუდა ჩვენში და რისი გვეშინია ყველაზე მეტად; დავფიქრდეთ ამ მომენტში თუ გემუქრებათ რომელიმე საფრთხე. შემდეგ ვეცადოთ საკუთარი თავიდან განვდევნოთ, მოვიცილოთ ყველა საშინელი, არასასიამოვნო აზრები, ვეცადოთ გარდავქმნათ ისინი,  გავხადოთ ხალისიანი და მხიარული, ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე, განვეწყოთ პოზიტიურად, არ მივცეთ შიშს იმის შესაძლებლობა, რომ შეგვიპყროს .
    ხშირ შემთხვევაში იმისთვის, რომ დავძლიოთ საკუთარი შიში საჭიროა მასთანპირისპირ შეხვედრა”. მაგალითად, თუ გეშინიათ შეზღუდული სივრცისა და ამის გამო ლიფტში შესვლის და კარების მიხურვის, წყლის შიშით ზღვაში ბანაობის, სიბნელის შიშით არ თიშავთ შუქს, აუდიტორიის სიმრავლის გამო გაურბიხართ საჯარო გამოსვლებს - ნუ გაექცევით ფობიის გამომწვევ მიზეზებს, გააკეთეთ ის, რაც აქამდე გაშინებდათ - თამამად შედით ლიფტში, შეცურეთ ზღვაში, გამორთეთ ოთახში ნათურა, სიტყვით გამოსვლისთვის ივარჯიშეთ ახლობლების მცირერიცხოვან აუდიტორიასთან. დამიჯერეთ ასე თქვენ შეძლებთ დასძლიoთ საკუთარი შიში.


    იმედია დაგაინტერესეთ და ბევრი ახალი რამ შეიტყვეთ. აი მე კი გავიგე რისი ეშინია ჩემს მეზობელს.

No comments:

Post a Comment